weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

თბილისში აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართა

10:20 ორშაბათი, 05 მარტი 2018
თბილისში აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართა ფოტო Ⓒ პირველი არხი

თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

„არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვახსენა ის უდიდესი ტრაგედია, რომელშიც 200 წელზე მეტია ვცხოვრობთ და ამ ტრაგედიას რუსული ოკუპაცია ჰქვია“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თაზო დათუნაშვილმა.

„ეს შეკრება კიდევ ათჯერ და ასჯერ მასშტაბური უნდა ყოფილიყო, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ საზოგადოებამ გამოიღვიძა. ბუნებრივია, ვითხოვთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სასწრაფოდ გადმოცემას და იმ ორი მოქალაქის მშვიდობიანად დაბრუნებას, რომლებიც დღეს, ახალგორში, შინაპატიმრობაში იმყოფებიან“, - განაცხადა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ.

მოქალაქეებმა თავისუფლების მოედანზე ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

თბილისის გარდა აქცია გაიმართა რეგიონებშიც. 12 ქალაქში, მათ შორის თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ფოთში, გორსა და ოზურგეთში ადგილობრივები თეატრის შენობის წინ შეიკრიბნენ და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.

34 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებები, ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.

4 მარტს, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის პატრიარქი კირილე უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]